x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
პირომანია - ხანძრის გაჩენისადმი მისწრაფება
image


პირომანია (ბერძ. pyr -ცეცხლი, mania - სიგიჟე) ეს არის აკვიატებული ახირება და მისწრაფება ხანძრის გაჩენისადმი. პირომანები თავიანთ სურვილს ასრულებენ სხვადასხვა მასშტაბით. ზოგიერთი წინასწარ იზღვევს თავს გამომჟღავნებისგან. როგორც წესი მათ მიერ მიღებული ზომები გამოირჩევა გულუბრყვილობით, თუმცა ზოგ შემთხვევაში გამოცდილ კრიმინალისტებსაც კი უჭირთ ხოლმე დამნაშავის დადგენა. ზოგიერთი პირომანი თვითონაც აქტიურად მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში, ზოგი კი დიდი სიამოვნებითა და გატაცებით უმზერს, თუ როგორ იქცევა ხალხი ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორ გამოვლინდება ხალხში ხანძრით გამოწვეული პანიკა, შფოთვა და ა.შ. ამ მომენტში პირომანები იმყოფებიან აფექტის მდგომარეობაში და ხშირად გადადიან ექსტაზში.


ზოგადად, ხანძრის გაჩენის სურვილი ფსიქიკურად ნორმალურ ბავშვებშიც შეიმჩნევა. ირკვევა, რომ ბავშვებში არსებობს ცეცხლის ანთებისა და გავრცელების, როგორც საინტერესო სანახაობისადმი ინტერესი. თუმცა როდესაც ადამიანს აქვს ცეცხლის გაჩენისადმი პათოლოგიური ლტოლვა და სრულიად არ ენაღვლება, რომ ცეცხლის გაჩენით პიროვნებებს ან სახელმწიფოს აყენებს ზიანს, ეს ქცევა უკვე მიუთითებს ფსიქიკურ აშლილობაზე. პირომანია მიეკუთვნება იმპულსის კონტროლის დარღვევევებს, ისევე როგორც კლეპტომანია და სხვ.

პირომანია შესაძლებელია იყოს პიროვნებისათვის დამახასიათებელი ერთადერთი პათოლოგიური ნიშანი, ან სხვა აშლილობის თანმდევი სინდრომი. ხანძრის გამჩენს ამ დროს სიამოვნებას ანიჭებს მისგან გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად გამოწვეული ხალხის აჟიოტაჟი და მღელვარება. ყოველი მსგავსი ქმედებით მას ეუფლება შეგრძნება საკუთარი პიროვნების ფარული სიძლიერის შესახებ.


პირომანიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:

  • მსგავსი ქმედებების განმეორებადობა.
  • ხანძრის გაჩენამდე ფსიქოლოგიური დაძაბულობის განცდა ან აფექტური აგზნება.
  • აბრიალებული ცეცხლის მიმართ ინტერესი, მოჯადოებულობის განცდა, რომელიც სრულიად არ ესადაგება შექმნილ სიტუაციას.
  • ხანძრის ცქერით ტკბობა და სიამოვნება, რაც გამოვლინდება სურვილში, ახლოს მივიდეს ხანძართან.
  • ხანძრის გაჩენა არ არის განპირობებული მატერიალური სარგებლობისთვის ან სოციალური პროტესტის გამო, იგი არ წარმოადგენს პიროვნების ბოდვით ან ჰალუცინაციებით განპირობებულ მოტივირებულ ქცევას.



პირომანია უფრო მეტად გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მკურნალობის დროს პირველ რიგში გამოიყენება კოგნიტურ-ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია, მაგრამ თუ პიროვნების კლინიკურ სურათში ნათლად ვლინდება აფექტური აშლილობის მანიფესტური ნიშნები, რეკომენდირებულია სპეციალური პრეპარატებით მკურნალობა.

1
57
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
57
  
2018, 4 აგვისტო, 16:42
მახსოვს,ჩემს ბავშვობაში როცა ასანთს ტყუილად ვუკიდებდი ცეცხლს,ცხონებული ბებიაჩემი მეუბნებოდა- ჩააქრე,თორემ ამ საღამოს ჩაიფსამო.ამ პირომანებს ეტყობა,ბებიები არა ჰყავთ.
0 1 1