x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
"პიროვნება ხვდება, რომ სიკვდილი გარდაუვალია..."
დიდია მწუხარება, როცა ახლობელი ადამიანი გამოგვეცლება ხელიდან. ასევე, ხშირად, შეიძლება გარდაუვალი სიკვდილის შიშმაც შეგვიპყროს. რთულია მოიძებნოს პიროვნება, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია მსგავსი რამ. ამავე დროს, ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, თუ რა პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ფსიქიკაში, რა გზას გადის ადამიანი დარდიდან - შეგუებამდე, სანამ სევდას კვლავ ჩვეული განწყობა არ ჩაანაცვლებს და ცხოვრების გაგრძელების სურვილი დაგვიბრუნდება.


image


ელისაბედ კუბლერ-როსი იყო პირველი, ვინც 1969 წელს თავის წიგნში „სიკდვილი და გარდაცვალება“ სტადიებად შემოგვთავაზა ადამიანის ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი და მგრძნობიარე პერიოდი. აღსანიშნავია, რომ საფეხურები კულტურის მიუხედავად, მეტწილად ერთნაირია, მათ ინდივიდუალური თანამიმდევრობით განიცდის ადამიანი და ჩვენი ცხოვრების სამ ასპექტში ერთნაირად მოქმედებენ, ესენია: მნიშვნელოვანი ახლო ურთიერთობის დაკარგვა, ძვირფასი პიროვნებისა თუ ცხოველის გარდაცვალება და რაც არ უნდა საინტერესო იყოს, სიკვდილთან შეგუება, რომელიც, როგორც წესი, მოხუცებულობის ასაკისთვის არის დამახასიათებელი, ან პიროვნებისთვის, რომელსაც სასიკდვილო დიაგნოზი დაუსვეს.

ელისაბედ როსი


მაშ ასე:

უარყოფა და სიმარტოვე: როგორც წესი, თავდაპირველი რეაქცია მომხდარის უარყოფაა. უარყოფას მეორენაირად ეგოს დაცვის, ან სტრესის შემცირების მექანიზმს უწოდებენ. ადამიანს არ შეუძლია „გადახარშოს“ მომხდარი, ეს სრულიად წარმოუდგენელია და მიუღებელია მისთვის. ფსიქიკა რეალობის უარყოფით პიროვნებაში ძლიერ, უკიდურეს ემოციებს ახშობს, ამგვარად იცავს ეგოს და ერთჯერადად ამცირებს სტრესს. ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ არჩევს ონკოლოგიურ პაციენტთა ნაწილი, თავი დაირწმუნოს, რომ არაფერი სჭირთ, ადამიანი დროებით ივიწყებს სიკვდილის არსებობას; მიტოვებული მეუღლე თავს აჯერებს, რომ ქმარი უბრალოდ წასულია და აუცილებლად დაბრუნდება; დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არაფრით გამოირჩევა სხვა ბავშვებისგან, როდესაც ამ უკანასკნელს გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს დასმული( გაიხსენეთ დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“).

image

მრისხანება: პირველი ეტაპი, როგორც წესი, დიდხანს ვერ გრძელდება(თუმცაღა, ესეც ინდივიდუალურია). „უარყოფისა და მარტოობის შემნიღბავი ეფექტისას რეალობა და ტკივილი კვლავ იწყებს ამოტივტივებას“. ( Axelrod, J. (2018). The 5 Stages of Grief & Loss. Psych Central. Retrieved on July 31, 2018, from https://psychcentral.com/lib/the-5-stages-of-loss-and-grief/) . ძლიერი ემოციები, რომელიც ამ დროის განმავლობაში არ განიცადა პიროვნებამ(მან უარყო ფაქტი, ისე იგი, უარყო თავისი ჭეშმარიტი ემოციებიც, რომლებიც არ გამქრალან) დეფორმირებული სახით ბრუნდება ცნობიერებაში და მრისხანებად ვლინდება. „მრისხანება შესაძლოა, მიმართული იყოს მომაკვდავი ან უკვე გარდაცვლილი საყვარელი პიროვნების მიმართ. ინტელექტუალურად, გვესმის, რომ დამნაშავე ვერ იქნება. თუმცა ემოციურად ჯერ კიდევ ვბრაზობთ მასზე, ტკივილის მოყენებისათვის. სიბრაზე კი დანაშაულის გრძნობას აღვიძებს, რაც კიდევ უფრო განგვარისხებს“.( Axelrod, J. (2018). The 5 Stages of Grief & Loss. Psych Central. Retrieved on July 31, 2018, from https://psychcentral.com/lib/the-5-stages-of-loss-and-grief/)image

ვაჭრობა/შეთანხმება: მესამე ეტაპი ვაჭრობის ეტაპია. პიროვნება ცდილობს ღმერთთან, განგებასთან, ზეციურ ძალასთან გარიგება დადოს (იქნება უკეთესი ქრისტიანი, თუ გადაარჩენს). როგორც წესი, ამ ეტაპზე ცდილობს შესთავაზოს რაიმე, თუ იგი დაუბრუნებს იმას, რაც დაკარგა.

image


დეპრესია: პიროვნება ხვდება, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მისი ემოციები კი ეწინააღმდეგება არსებულ სინამდვილეს. ადამიანი ხდება აპათიური, ახასიათებს ანჰედონია(სიამოვნების მიღების ნაკლებობა). წონაში მკვეთრი მატება ან კლება, გადამეტებული ან ნაკლული ძილი, მუდმივი დაღლილობა, უსარგებლობის შეგრძნება, უჭირს კონცენტრაცია, ძალაუნებურად ეფიქრება სიკვდილზე.image


შეგუება: „მწუხარების ამ ეტაპზე გადასვლა უკვე საჩუქრად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვინაიდან ყველა ვერ აღწევს მას“.( Axelrod, J. (2018). The 5 Stages of Grief & Loss. Psych Central. Retrieved on July 31, 2018, from https://psychcentral.com/lib/the-5-stages-of-loss-and-grief/) ამ დროს პიროვნება იღებს სინამდვილეს და ემოციურად ეგუება მომხდარს, მეორე მხრივ, სიკვდილს ისე საზარლად აღარ მიიჩნევს და ამ მტანჯველი პერიოდის შემდეგ შვებადაც შეიძლება ჩათვალოს. მნიშვნელოვანი დანაკარგის შემთხვევაში კი, ადამიანი სიცოცხლის გაგრძელების სურვილს იძენს.

image

გამოყენებული ლიტერატურა:


Axelrod, J. (2018). The 5 Stages of Grief & Loss. Psych Central. Retrieved on July 31, 2018, from https://psychcentral.com/lib/the-5-stages-of-loss-and-grief/

1
204
1-ს მოსწონს
ავტორი:სულიკო შარაშენიძე
სულიკო შარაშენიძე
204
  
2018, 1 აგვისტო, 21:38
შეგუება - ეს ყველაზე ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ, იშვიათებს!
0 1 1