x
ცისა და მიწის კავშირი - ადამიანის ინიციაციური ზეაღსვლა

ცისა და მიწის კავშირი - ადამიანის ინიციაციური ზეაღსვლა

“სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია“

ფიოდორ დოსტოევსკი “ძმები კარამაზოვები“

image

ყველა რელიგიის, ნებისმიერი მოძღვრების მიხედვით, რომელიც აბსოლუტის, სამყაროს შემოქმედის, ღმერთის იდეას ატარებს, არსებობს ცასა და მიწას შორის, ღმერთსა და ადამიანს შორის უხილავი კავშირი. იგივე სწავლებებში ჩანს, რომ სამყაროში ყოველივე არის პროცესში, ქმნადობაში და რომ ადამიანი სრულყოფილი არ იბადება, არ იბადება მოცემულობაში, რომელსაც ჭეშმარიტება ჰქვია, არამედ მას აქვს შინაგანი სწრაფვა სრულყოფისაკენ. სურვილი ადამიანისა, შეიცნოს მარადიული ჭეშმარიტებები, ეზიაროს არსებობის საიდუმლოს, დაამყაროს კავშირი თავის შემოქმედთან, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც სწრაფვა ზეცისკენ (“მე შენსა [ზეცის] მჭვრეტელს მავიწყდების საწუთროება, / გულისთქმა ჩემი შენს იქითა ეძიებს სადგურს“. ნ.ბ ) და დავარქვათ მას “დაკარგულის დაბრუნება“. ეს უკანასკნელი კი წმინდად ქრისტიანული მოტივია. მაშასადამე, ამ მოძღვრებათა გათვალისწინებით, ადამიანს ერთი სიბრტყიდან, ერთი მდგომარეობიდან შეუძლია მეორემდე ამაღლება, რაც, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, საფეხურეობრივად ხდება (“მთამსვლელისთვის ადგილი, რომელსაც ერთი წამის წინ მისი თავი უსწორდებოდა, მეორე წამს მის ფეხქვეშაა მოქცეული - და ასე მწვერვალამდე. ეს აღმასვლაა. მთამსვლელის აღმასვლა შეიძლება სულის სრულყოფის მეტაფორად იქნას გამოყენებული“ - ზ. კიკნაძე), კიბის პრინციპზეა აგებული. განსხვავება ისაა, რომ ყველა მოძღვრებას კავშირის აღდგენის თავისი პრინციპები გააჩნია და გამოსარჩევია, რომელი მათგანია ჭეშმარიტად ჭეშმარიტი. ახლა კი გავიგოთ, რას გვეუბნება ამის შესახებ ქართული მითოსი, რას სთავაზობს თავისი “საყმოს“ წევრს, როგორია მისი სამყაროს მოდელი, კოსმოლოგია და შევადაროთ იგი სახარებისეულ სწავლებას, კერძოდ კი, ასკეტი მამების გამოცდილებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანის შინაგანი ფერიცვალება, განახლება. ამგვარი შედარების შესაძლებლობას კი თავად ქართული მითოსი იძლევა, ვინაიდან იგი მთლიანად ბიბლიურ მოტივებზეა დაფუძნებული.

ცისა და მიწის კავშირის მითოლოგემა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია მითოლოგიისა. ადამიანის ცხოვრებაშიც, მის ზეცისკენ სწრაფვაში არსებითი შემოქმედთან კავშირის დამყარება, “ხელახლა შობაა“. ამისათვის, გონების ყველა ენერგია, გული მიდრეკილი უნდა იყოს ღმერთისკენ. ნებისმიერ მოვლენაში, რასთანაც ყოველდღიურად შეხება აქვს, ასეთი ადამიანი ხედავს ღვთიურის გამოვლინებას, შემოქმედის წინაგანგებას და ნებას. ამგვარად, იგი თანდათანობით მაღლდება საკუთარ თავზე და ზემოთ ნახსენები მთამსვლელივით, მწვერვალისკენ, სრულყოფისკენ მიაბიჯებს, კიბის საფეხურებზე ასვლის მსგავსად. სწორედ ეს ჩანს მითოსში და მის მატარებელ ადამიანში. შეიძლება ითქვას, ამ მითოლოგემისგან გამოდის ყველა სხვა მითოსური მოტივი. თუ არ არსებობს “ზე-ყანა-სა“ და “ქვე-ყანა-ს“ შორის კავშირი, ბუნებრივია, არ იარსებებს არაფერი საკრალური. ამიტომაც, ადამიანთა გაერთიანების შექმნისთანავე პირველი, რაც ამ საზოგადოებაში ხდება, არის ორ სამყაროს შორის კავშირის გაცხადება, თეოფანია, კვრივის (წმინდა ადგილის) აღმოჩენა და კულტის დაარსება.

ერთი ხალხური ლექსი კი არაჩვეულებრივად გადმოგვცემს ცისა და მიწის კავშირს, რომლის შესახებაც მსურს საუბრის გაგრძელება. ლექსი შემდეგია:

“წმინდა გიორგი მეც ვიყავ,


ცას ვები ოქროს შიბითა,

ხმელგორზე მედგა ბერმუხა,

ზედ ავდიოდი კიბითა,

ჩემს საყმოს შემონაძღვენი

ღმერთთან ამქონდა იქითა“

აქ ვხედავთ, როგორ უკავშირდება საყმო ღმერთს. მისი შეწირული ძღვენი წმინდანის, “ჯვრის“ მეშვეობით ღმერთამდე აღწევს, რომელიც მოხედავს ერთგულ შვილებს და წყალობას მოუვლენს მათ. ჩანს ისიც, თუ რა გზით ახერხებს წმინდანი მიწიდან ზეცამდე ძღვენის ატანას და იქიდან მადლის მოღებას. ეს ვერტიკალებია: ოქროს შიბი (ჯაჭვი), ხმელგორი, ბერმუხა და კიბე. ბევრი რამ ვიცით ხის კულტის შესახებ, მისი თაყვანისცემა დამახასიათებელი იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ასევე ფართოდ არის ცნობილი ხმელგორის, მთის, როგორც შუა სკნელის (“ჯუნ-გო“) მნიშვნელობა და მისი მითოსური დატვირთვა. ყოველივე აქ ჩამოთვლილი საგნები ზეაღმართულნი არიან. სიმბოლურად ისინი აჩვენებენ თავად ადამიანთა მისწრაფებას ზეცისადმი და ამავე დროს, საშუალებას მასთან კავშირისთვის. ამდენად, ადამიანის ცნობიერება მათ თავიდანვე საკრალურთან აიგივებდა. მოსეს, სინას მთაზე, ცეცხლსა და ბურუსში, “საღვთო წყვდიადში“ ეცხადება ღმერთი; მაცხოვარი სამი რჩეული მოწაფითურთ მიიწევს თაბორის მთისკენ და ვხედავთ მის ფერისცვალებას და სხვა. აქვე ვხედავთ კიდევ ორ საგანს, ესენია - კიბე და შიბი (ჯაჭვი). აქვე, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ქართული მითოსური ტრადიცია ამოზრდილია ბიბლიიდან, აღნიშნულ ლექსშიც ვლინდება ქრისტიანული მოტივები. იმისათვის, რათა ნათელი მოვფინოთ ამ მითოსურ სწავლებას, გავიგოთ როგორ ხედავს იგი კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის, საჭიროა გავიხსენოთ ერთი ბიბლიური მაგალითი, კერძოდ კი, იაკობის სიზმარი. მამამთავრის ხილვა ასეა მოთხრობილი: “მიემთხვია ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნლად და დაწვა ადგილსა მას. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესე, კიბენი აღმართებულ ქვეყანით, რომლისა თავნი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქვა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისააკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქვეყანა ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.“ (შესაქ. 28, 11-13). მძინარე იაკობს ხილვაში ეცხადება ღმერთი, აკურთხებს მას შთამომავლობითურთ და აღუთქვამს ამ მიწას სამკვიდროდ. აქ ვხედავთ თეოფანიას და ამავე დროს საქმე გვაქვს კვრივის აღმოჩენასთან. აი, რას აკეთებს გამოფხიზლებული იაკობი: “და ვითარცა განიღვიძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე... აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნლად, და აღმართა იგი ძელად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა.“ (შესაქ. 28, 16, 18).

აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ - როგორც ვხედავთ, იაკობი იმ ლოდს, რომელიც სასთუმლად ედო, ვერტიკალურად აღმართავს და მასზე ზეთს ასხამს. ეს არის ერთ-ერთი პირველი და კლასიკური მაგალითი წმინდა ადგილის აღმოჩენისა და მონიშვნისა - “და უწოდა სახელი ადგილსა მას “სახლი ღვთისა“ (იქვე). ყოველივე ამის გარდა, კიდევ ერთი ძალზე ყურადსაღები დეტალია ამ ჩვენებაში, მამამთავარს ეცხადება სამყაროს დიდი საიდუმლო - ხედავს ცისა და მიწის კავშირის სიმბოლოს, კიბეს, რომლის თავში უფალია, ხოლო ანგელოზები ადი-ჩამოდიან მასზე. გავიგეთ, რომ კიბე არის სიმბოლო შემაკავშირებელი მიწისა, ადამიანთ სამყოფისა და ზეცისა, იმ “სავანისა“ (“სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ (იოან. 14, 2)) სადაც უნდა გადაინაცვლოს, სადამდეც უნდა ავიდეს ადამიანი, მაგრამ ჩნდება კითხვა - რას უნდა ნიშნავდეს ამ კიბეზე აღმავალი და გარდამომავალი ანგელოზები? რას ნიშნავს მათი ეს მიმოსვლა კიბეზე?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება მეშვიდე საუკუნის მოღვაწე წმინდა იოანე სინელი და მისი ასკეტური კრებული. წმინდა იოანემ თავის ნაშრომს, რომელშიც თავი მოუყარა სამოციქულო ეკლესიაში მოღვაწე წმინდა მამებისა და საკუთარ ასკეტურ გამოცდილებას, იაკობის ამ ხილვითა და კიბის, მისი ეტაპობრიობის ალეგორიით შთაგონებულმა უწოდა ბერძნულად კლემაქსი (ბერძ - klimakos) რაც ქართულად კიბეს ნიშნავს.

ზემოთ ჩვენ დავინახეთ, რომ საყმოს მიერ შეწირული ძღვენი ღმერთამდე წმინდა გიორგის ააქვს. წმინდა გიორგიც ოდესღაც ადამიანი იყო, მაგრამ მან აღასრულა ის მოწოდება, რაც ადამიანს, ღვთის მიერ ქმნილ არსებას პოტენციაში აქვს და იქმნა “მადლით ღმერთ“. შეიძლება “საყმოს“ ცხოვრებაში მისი ნებისმიერი წევრი ვერ ხდება წმინდანი, ეს კი იმიტომ, რომ კულტმსახურება ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული ფორმაა ღვთისმსახურებისა, ქრისტეს შემდეგ კი თითოეული ადამიანია მოწოდებული განღმრთობისკენ (“იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“ (მათ. 5.48)). სწორედ ადამიანის ზეაღსვლის, წმინდანობის გზას აღგვიწერს სინას მთაზე მოღვაწე წმინდანი ცისა და მიწის შემაკავშირებელი კიბის სახესიმბოლოს მსგავსად, მისი ქრისტიანულ-ასკეტიკურად გადააზრებით. ღმერთთან შეერთების საკუთარი ცხოველი სურვილით აღძრული მამა წიგნის ერთ-ერთ თავში ამბობს: “მინდა შევიტყო, როგორ გიხილა შენ იაკობმა კიბის თავში? რისი მსგავსია ამ კიბეზე ასვლა?... რამდენი ხანი სჭირდება მასზე ასვლას? როგორც შენმა მოყვარულმა იაკობმა გვასწავლა, წინამძღვრები ანგელოზები არიან“[10.313]. ამ სიტყვებში პასუხიც გაეცა ჩვენ მიერ დასმულ კითხვას - იაკობის ხილვაში ანგელოზების კიბეზე მიმოსვლის შესახებ იოანე სინელი ამბობს, რომ მათ ადამიანები აყავთ კიბის სათავეში მდგარ ქრისტემდე. “აღმავალნი და ჩამომავალნი“ - ისინი მუდმივ შრომაში არიან ადამიანთა შეწევნისთვის. ამავე წიგნში ის მოგვიწოდებს: “ავიდეთ, ძმებო, გულმოდგინეთ ავიდეთ ამ აღსასვლელზე, რადგან ხომ გსმენიათ, რას ამბობს წინასწარმეტყველი: “მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა“ (ეს 2, 3)“ აქვე ამბობს - “გევედრებით, გავიქცეთ მასთან ერთად, რომელიც ამბობს: ვიჩქაროთ, “ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“ (ეფეს 4.13)“.

imageჩვენ უკვე დავინახეთ, თუ როგორ იცვლება წინარექრისტიანულ-მითოსური და ქრისტიანული გაგება. ამ შემთხვევაში წინარექრისტიანულში, რა თქმა უნდა ეპოქას არ ვგულისხმობთ, რამეთუ ნებისმიერ დროს, თავად ადამიანის ცნობიერებაა ძველაღთქმისეული ან ახალაღთქმისეული. ლექსის შემთხვევაში (და ის კულტმსახურების კლასიკური მაგალითია) ნახსენებია “შემონაძღვენი“, აქ კი მსგავსი აღარაფერია, არამედ ასკეტიკის მეშვეობით ხდება ზესვლა, რომელიც ყოველგვარი ხორციელი შესაწირავის გარეშე გულში აღესრულება. (“სულ არს ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა თანა-აც თაყვანისცემაი“ (იოან.4.24)). ვთქვათ ისიც, რომ ვინაიდან ასკეტიზმზე და ადამიანის აღმასვლაზეა საუბარი, აუცილებელია მიწასა და ზეცაში, რომლებიც ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ, გავიგოთ ერთის მხრივ ადამიანის დაცემული ბუნება, “ძველი ადამი“ და მეორეს მხრივ “ახალი ადამი“. პირველისგან გამოქცეული მეორემდე უნდა ავიდეს ასკეზის კიბით. ე.ი ეს ორი “სა-მყარ-ო“, ცა და მიწა ამ შემთხვევაში ადამიანშივეა. ვიგებთ იმასაც, რომ ამ კიბეს წიგნში ოცდაათი საფეხური აქვს, მსგავსად ქრისტეს ასაკისა, რა დროსაც მან ნათელ-იღო და გაგვეცხადა როგორც ღმერთი. თითოეულ საფეხურს კი გარკვეული სათნოება შეესაბამება. ამ საფეხურებზე ასვლისას არ ხდება ისე, რომ მოღვაწემ ერთი საფეხურიდან აინაცვლოს მეორეზე, მიაღწიოს გარკვეულ მდგომარეობას და ეს უკვე მოპოვებულად ჩაითვალოს. საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფხიზლე, რათა დიდი ძალისხმევის ფასად შეინარჩუნოს ესა თუ ის სათნოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ბრძოლას მოგებულად ჩათვლის და ყურადღებას მოადუნებს, იმავე ცოდვაში ჩავარდება და საწყის საფეხურზე დაეცემა. ან სულაც კაცობრიობის მტერი გადმოაგდებს სათნოებათა კიბიდან, რომელსაც ცხოვრების კიბეც შეიძლება ვუწოდოთ და აღმოჩნდება ვეშაპის ხახაში. თუ ამ კუთხით მივუდგებით, შეიძლება ითქვას, რომ კიბე - ეს არის თეოცენტრულად მოაზროვნე ადამიანის ცხოვრება. ის ზეცისკენ მიისწრაფის. თავის მხრივ ანთროპოცენტრულად მოაზროვნეც დგას ამ კიბის წინ, მაგრამ მის არსებობას არ აღიარებს. სვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს ქვემოდან ზემოთ. კიბის თავში კი, რომელიც იაკობის ხილვის თანახმად ცას სწვდება, დგას ხელგამოწვდილი მაცხოვარი, ის მთელ მსვლელობას, თავისი დაცემით, გაჩერებით, უკან დახევითა თუ ისევ წამოდგომით, სვლის გაგრძელებითა და შემდგომ საფეხურებზე ასვლით ანგელოზების მეშვეობით შეეწევა და აძლიერებს მისკენ მიმავალ გზაზე.

კიბის ეს ოცდაათი საფეხური იოანე სინელთან შემდეგ ეტაპებად იყოფა:

  • სოფლისგან განშორება;
  • ამ სოფლისა და მის საქმეთა მოზულება; (ბარათაშვილი)
  • უცხოობისთვის
  • მორჩილებისათვის;
  • სინანულისათვის;
  • სიკვდილის მოხსენებისათვის;
  • ცოდვათაგან განმწმენდელი გლოვისთვის;
  • ურისხველობისთვის;
  • imageმოშურნეობისთვის;
  • ბოროტმეტყველებისთვის;
  • დუმილისთვის;
  • ტყუილისთვის;
  • მოწყინებისთვის;
  • ნაყროვანებისთვის;
  • სიძვისათვის;
  • ვერცხლისმოყვარეობისთვის;
  • უპოვარებისთვის;
  • ულმობელობისთვის;
  • ძმათა შორის ფსალმუნებისათვის;
  • მღვიძარებისათვის;
  • მოშიშობისათვის;
  • ზვიადობისთვის;
  • ამპარტავნებისა და გმობისთვის;
  • სიმშვიდისა და სიწრფელისთვის;
  • სიმდაბლისთვის;
  • განსჯისა და გულისხმიერებისათვის;
  • დაყუდების განშორებისა და გონების დაცვისთვის;
  • გონიერი ლოცვისათვის;
  • უვნებობისათვის;
  • სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოებისთვის.
სავსებით მართებული იქნებოდა თუ ამ საფეხურებს ჩვენ ინიციაციის გზას დავარქმევდით. ამ მხრივ მას მრავალი პარალელი შეიძლება დავუძებნოთ სხვადასხვა დროის, სხვადასხვა სახის ნაწარმოებში, თავისი განსხვავებული მოდელითურთ. პირველს ქართული აგიოგრაფიიდან მოვიყვანთ, რომელიც ყველაზე კარგად მიესადაგება აქ განხილულ საკითხს, არის რა ადამიანის განღმრთობის მაგალითი. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში წერია: “ხოლო წმიდამან ამან მცირედ-მცირედ შედგა ფეხი ხარისხსა მას ზედა კიბისასა და ეგრეცა თავსა ზედა კიბეთასა დაისაყდრა“ [11.82]. მისი ცხოვრების აღმწერი გვეუბნება, წმინდა მამამ ჯორთა მსახურებითა და “გარეშეთა“ საქმეების აღსრულებით დაიწყო, საბოლოოდ კი წმინდათა წმინდაში შესვლის ღირსი გახდა. ეტაპობრივი, ინიციაციური ზრდის მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ: ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილი ჰერაკლეს 12 გმირობა, რაც მისთვის ზეკაცობისა და ინიციაციის თორმეტსაფეხურიან კიბეს განასახიერებს; ქართული თქმულება ამირანზე, მისი გმირობები ბავშვობიდან ვიდრე ჰიბრისამდე. ბრძოლა სატრფოს მოპოვებისთვის (ნიშანდობლივია სატრფოთა რაოდენობა სხვადასხვა ვარიანტებსა თუ ამ მოტივზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებში “ამირანდარეჯანიანი“, რასაც ინიციაციის გამომხატველად მიიჩნევენ, გველეშაპების დამარცხება და სხვა. ასევე ამ საზრისით შეგვიძლია დავტვირთოთ ილია ჭავჭავაძის “განდეგილში“ ბეთლემად წოდებული “წმინდა სავანიდან“ ჩამოშვებული ჯაჭვი, რომელიც ამაო სოფელს, წმინდა ადგილთან აკავშირებს. თუმცა აქ ერთგვარი წინააღმდეგობაც იჩენს თავს, მასზე ასული ქალი არ განიცდის არანაირ გარდაქმნას, პირიქით, მთაზე ასული ჰარმონიას არღვევს და უჩინარდება. აქვე ერთგვარი კურიოზულობით, მაგრამ შინაარსობრივი კავშირით შეიძლება გავიხსენოთ ერთი მოტივი ოთარ ჭილაჭის ნაწარმოებიდან “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ - ბახვას სარდაფი თავისი 40 საფეხურიანი კიბით. დუქანში დასალევად ჩადიან ვანელები, მაგრამ იქ მყოფმა და უკვე მთვრალმა ადამიანმა უკან, “საცხადოში“ ამოსვლამდე უნდა ამოიაროს 40 საფეხური. ამ გზაზე ადამიანი გამოფხიზლდება და ისევე დაუბრუნდება რეალობას, როგორიც დუქანში ჩასვლამდე იყო. შეიძლება ითქვას სწორედაც რომ ამგვარი გამოფხიზლებაა ყოველგვარი გამოხატულება ინიციაციისა. ინდუისტური რელიგიის ტერმინით თუ ვიტყვით, ყოველი ადამიანი “მაიაში“ ანუ ერთგვარ სიზმარში იმყოფება, რომელსაც თავი უნდა დააღწიოს და გახდეს “ატმანი“ (მჭვრეტელი, განწმენდილი) შემდეგ კი “ბრაჰმანი“, აბსოლუტის თანაზიარი (სქოლხოლოიოს სახით - უპანიშადები 22 გვე 2 აბზ). სწორედ ასეთივე გამოღვიძებისა და დაცემულობის ბურუსიდან საღვთო ნათელში გადასვლის გზაა ქრისტიანისთვის ასკეზაც, რის შესახებაც იოანე სინელი ამომწურავ სწავლებას გვაწვდის. (მარკუს ავრე;იუსის ფრაზა სიზმარზე) ქრისტიანული მოძღვრების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომში “წმინდა მღვიძარეთა მშვენიერებათმოყვარეობა“ (ბერძ. Filokalia), წმინდა იოანე ოქროპირის ასეთი ფრაზაა მოყვანილი - “აწ უკვე, დაღაცათუ ვერ ძალ-გიც, კაცო, ერთბამად ყოვლისავე წარმართებად, არამედ ნელიად აღვიდოდე კიბესა მას ზეცად აღმყვანებელსა“. ამ თემატიკაზე მრავალი ხატიც დაიწერა, მათზე შესანიშნავადაა გამოხატული კიბის სიმბოლო. აქ ჩანს კიბეზე აღმავალი ადამიანები, რომელთა ნაწილმაც ააღწია ბოლო საფეხურამდე, სიყვარულამდე, ანუ მივიდა მაცხოვართან, რომელიც თავადაა სიყვარული (I იოან. 4, 8).

კიბის ალეგორიას სხვა მრავალი წმინდა მამა იყენებს, იქნება ეს ფილონ ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, სირიელი მამები თუ სხვები. მაგრამ ყველაზე სრულყოფილად ქრისტიანული ასკეტიკის სწავლება ამ ფორმით სწორედ იოანემ მოგვცა. ეს ნაწარმოები სიღრმის, ყოვლისმომცველობის, პრაქტიკულობის და ამავე დროს სიმარტივისა და პოეტური ენის გამო, რაც ამარტივებდა მის ზეპირად სწავლვას ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად, მალევე გახდა ცნობილი. ამის გამო ის მრავალ ენაზე ითარგმნა, ჩვენ კი საუკეთესო თარგმანს გვაძლევს ექვთიმე ათონელი, ხოლო მოგვიანებით მისი შინაარსს პოეტურად გადმოგვცემენ იოანე პეტრიწი და ანტონ კათალიკოსი [16.172]

“კლემაქსის“ ერთ-ერთი ძველი ქართული ხელნაწერის ავტორია მე-12 ს-ის გარეჯის მონასტერში მოღვაწე ნიკოლოზ ნიკრაი. იგი დიდი რუდუნებით, ოსტატობითა და უშუალობით წერს 600 გვერდზე მეტი მოცულობის ნაშრომს.

imageიმ ადგილებში სადაც წიგნში ნახსენებია დაცემული ანგელოზები, ეშმაკები, რომლებიც სხვადასხვა სახისანი არიან იმის მიხედვით, თუ რომელი ვნებით დასცემენ ადამიანს, გადამწერი ტექსტს აშიებზე ურთავს სხვადასხვა მითოსურ არსებათა გამოსახულებებს. იქნება ეს გველეშაპი, გველი, ფასკუნჯი და თქვენ წარმოიდგინეთ ვაც-კაცი, ანუ მეგრული სახელწოდებით “ოჩოკოჩი“. როცა მადლზე, რაიმე საღვთოზე საუბრობს ან მოჰყავს იმგვარი ფრაზა, რომელიც საღვთო ტრფიალებას ასახავს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა დავით მეფსალმუნის სიტყვები - “ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო“ ამ დროს ის თვისობრივად დაურთავს ირმის გამოსახულებას.

image
ხშირად ამ გამოსახულებებშია ჩაწერილი შესატყვისი მონაკვეთი ნაწარმოებისა. მოკლედ რომ ვთქვათ, გადამწერი კარგად იცნობს მითოსს. ამ მხრივ საკუთრივ გარეჯის მონასტრის მხატვრობაც განსხვავებული და ორიგინალურია. აქაც ვხვდებით თითქოსდა მითოსური დატვირთვის მქონე გამოსახულებებს.

ხელნაწერში ავტორი არ ერიდება საკუთარი ემოციებისა და ფიქრების დაფიქსირებას. ერთგან ის ხატავს ოცდაათსაფეხურიან კიბეს, მის თავში დგას წმინდანი, კერძოდ კი, ბერი დანიელი, რომელსაც ურთიერთობა ჰონდა იოანე სინელთან და რომელმაც უკვე აიარა კიბე. კიბის ძირას, პირველ საფეხურთან ის ამგვარ ტექსტს მიაწერს: “ვაი, შენ საწყალო ნიკრაი, შენ როსღა ახვალ თავსა ამა კიბისასა!“

2
364
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია ცეცხლაძე
ილია ცეცხლაძე
364
  
2018, 4 აგვისტო, 16:26
ილია, ამის დაწერის შემდეგ თავი არ გტკიოდა?
2018, 1 აგვისტო, 10:06
ბრწყინვალე სტატიაა!
0 1 2