x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
გუნება-განწყობილება და დათმობა
image

როდესაც გსურთ მეგობარს რაიმე სთხოვო, აუცილებელია თუ არა დაელოდო, როდის დადგება ის კარგ განწყობაზე? აქვს თუ არა მნიშვნელობა თქვენს გუნება-განწყობილებას იმაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბებთ თხოვნას? უფრო ზოგადად, რა როლს ასრულებს ემოციები დათმობაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ავსტრალიელმა ფსიქოლოგმა ჟოზეფ ფორგასმა (2001) ექსპერიმენტები ჩაატარა.

ფორგასი ვარაუდობდა, რომ ადამიანი უფრო დამყოლია მაშინ, როდესაც ბედნიერია, ვიდრე დამწუხებული. უფრო მეტიც, ის პროგნოზირებდა, რომ გუნება-განწყობილება გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი უხეშ და თავაზიან თხოვნაზე. ერთ-ერთ კვლევაში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტებს თავდაპირველად აყენებდნენ სიტუაციაში, რომელიც მათ გარკვეულ გუნება-განწყობილებას უქმნიდა. ზოგიერთი მათგანი კითხულობდა იუმორისტულ მოთხრობას (პოზიტიური გუნება-განწყობილების პირობა), სხვები კითხულობდნენ სევდიან ისტორიას კიბოთი გარდაცვალების შესახებ (ნეგატიური გუნება-განწყობილების პირობა). მესამე, საკონტროლო ჯგუფში, სტუდენტები კითხულობდნენ ინფორმაციას ბიბლიოთეკის შესახებ. მასალის წაკითხვის შემდეგ, სტუდენტს თხოვნით მიმართავდა მისთვის უცნობი სტუდენტი (სინამდვილეში ექსპერიმენტის თანამონაწილე). მიმართვის თავაზიან ფორმაში თანამონაწილე ამბობდა: „უკაცრავად, რამდენიმე ფურცელი მჭირდება დავალების დასასრულებლად. ხომ ვერ შეძლებთ 10 ფურცელი მომცეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ“. ზომიერად თავაზიანი მიმართვის დროს ასისტენტი ამბობდა: “უკაცრავად, ხომ არ გაქვთ ათი ფურცელი – რომ მომცეთ?“ არათავაზიანი მიმართვისას ასისტენტი ამბობდა: „მომეცი 10 ფურცელი“.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მეორე ექსპერიმენტატორი ნამდვილ ცდისპირს ეუბნებოდა, რომ ფურცლის თხოვნა იყო ფსიქოლოგიური კვლევის ნაწილი და სთხოვდა შეეფასებინა თხოვნა, რომლითაც მიმართეს და ხარისხი, თუ რამდენად დაჰყვა იგი ამ თხოვნას. როგორც ნავარაუდევი იყო, გუნება-განწყობილება მნიშვნელოვნად განაპირობებდა ცდისპირების რეაქციას თხოვნაზე. პოზიტიური გუნება-განწყობილების მქონე სტუდენტები ყველაზე მეტი კეთილგანწყობილებით აფასებდნენ თხოვნებს, საკონტროლო ჯგუფის წევრებს ნაკლებად მოსწონდათ, ხოლო ნეგატიური გუნება-განწყობილების მქონე სტუდენტები ყველაზე უხეშები იყვნენ შეფასებისას. დათმობამ (ფურცლების რაოდენობა, რომელიც ცდისპირმა ექსპერიმენტის ასისტენტს მისცა) იგივე მოდელი აჩვენა – ყველაზე მაღალი იყო პოზიტიური გუნება-განწყობილების პირობებში მყოფ სტუდენტებთან და ყველაზე დაბალი – სევდიან სტუდენტებთან. და ბოლოს, როგორც ნავარაუდევი იყო, გუნება-განწყობილების გავლენა უფრო მნიშვნელოვანი იყო, როდესაც თხოვნა უხეში ფორმით კეთდებოდა: ხალისიან გუნება-განწყობილებაზე მყოფი ცდისპირები იგნორირებას უკეთებდნენ იმას, თუ როგორ იყო ფორმულირებული თხოვნა, ხოლო ნაღვლიანი ცდისპირები მეტ გულისხმიერებას ავლენდნენ უფრო თავაზიანი, ვიდრე უხეში ფორმით გაკეთებულ თხოვნაზე.


სხვა კვლევაში, ფორგასმა (1999 ა, ბ) დამატებითი კითხვა დასვა: მოქმედებდა თუ არა მთხოვნელის გუნება-განწყობილება თხოვნის ფორმულირებაზე? როგორც წინა კვლევებში, გუნება-განწყობილების მანიპულაცია ექსპერიმენტულად ხდებოდა. ამ შემთხვევაში, სტუდენტებს სთხოვდნენ, დაეწერათ მათ ცხოვრებაში მომხდარ სასიხარულო მოვლენაზე, რომელმაც ისინი გაახარა (პოზიტიური გუნება-განწყობილების პირობა) ან პირიქით, სევდიან მოვლენაზე, რომელმაც დაამწუხრა (ნეგატიური გუნება-განწყობილების პირობა). ამის შემდეგ მათ სთხოვდნენ, ეფიქრათ სამ ადვილ და სამ რთულ თხოვნაზე. ადვილი თხოვნა გულისხმობდა გამვლელისთვის საათის კითხვას ან სუპერმარკეტში გამყიდველისთვის პროდუქტის ფასის კითხვას. რთული თხოვნა გულისხმობდა პროფესორისთვის დავალების ჩაბარების ვადის გადაწევას და ქუჩაში უცნობი გამვლელისთვის ტელეფონის ჯიხურიდან დასარეკი ფულის თხოვნას. თითოეულ შემთვევაში, ცდისპირს უნდა დაეწერა „სიტყვები, რომელთაც თხოვნის ფორმულირებისას გამოიყენებდა“. ეს ჩანაწერები მოგვიანებით ისეთი განზომილებების მიხედვით შეფასდა, როგორიცაა თავაზიანობა, მეგობრულობა, სირთულე და დახვეწილობა. ალბათ ვარაუდობთ, რომ სტუდენტები რთული თხოვნისას უფრო თავაზიანები იყვნენ, ვიდრე მარტივი თხოვნისას. ალბათ გაგაკვირვებთ იმის გაგება, რომ სევდიან გუნება-განწყობილებაზე მყოფი სტუდენტები, ხალისიან სტუდენტებთან შედარებით, უფრო თავაზიანად აყალიბებდნენ თავიანთ თხოვნას. ასევე, სევდიანი სტუდენტები იყენებდნენ უფრო რთულ და დახვეწილ ფორმულირებებს. ფორგასი ვარაუდობდა, რომ ნეგატიური გუნება-განწყობილება ადამიანებს ნეგატიური ფიქრისაკენ მიდრეკილს ხდის, რაც უბიძგებთ, გადააფასონ მათ თხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების საფრთხე; შედეგად, ისინი ცდილობდნენ თხოვნის უფრო რთული და დახვეწილი სახით ჩამოყალიბებას. ამის საპირისპიროდ, მხიარული განწყობისას, ადამიანს უფრო ოპტიმისტური და იმედით აღსავსე ფიქრები აქვს, და ამიტომ, დაუფიქრებლად, თავს უფლებას აძლევს თხოვნისას უფრო პირდაპირი და ნაკლებად თავაზიანი იყოს.


0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა ხაბელაშვილი
ნუცა ხაბელაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0