x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ზიმბარდოს დროის ფსიქოლოგია

image

"მსურს, გაგიზიაროთ აზრები დროის საიდუმლო ძალის შესახებ, ძალიან მოკლე დროში" – სწორედ ამ სიტყვებით იწყებს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო დროის ფსიქოლოგიის შესახებ საუბარს თავის ერთ–ერთ გამოსვლაში. დრო ის ფენომენია, რომელიც თითქმის თითოეული მეცნიერების შესწავლის საგანია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დროის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. თუმცა ფილიპ ზიმბარდომ დროის ფსიქოლოგიაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან აპექტებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებზეც დაფიქრება არა მხოლოდ მეცნიერთათვის, არამედ სხვა, ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც მეტად საჭიროა. იგი საკუთარი მოსაზრებების დასაბუთებას მარტივი მაგალითების მოყვანით იწყებს: "მოდით, ახლა ვაცდუნოთ 4 წლისანი ტკბილეულით. მათ შეუძლიათ მიიღონ ერთი კანფეტი ახლა, ან ორი კანფეტი ექსპერიმენტატორის ოთახში დაბრუნებისთანავე – თუ მოიცდი, მიიღებ მეტ ტკბილეულს. ბავშვების 2/3 ვერ უძლებს ცდუნებას. დანარჩენები კი იცდიან, რომ მოგვიანებით მეტი მიიღონ. ვოლტერ მიშელი, ჩემი კოლეგაა სტენდფორდში. იგი 14 წლის შემდეგ შეეცადა აღმოეჩინა განსხვავება ამ ბავშვებს შორის. უზარმაზარი სხვაობა იყო იმათ შორის, ვინც შეძლო მოცდა და ვინც ვერ შეძლო. ვინც შეძლო, მათ ჰქონდათ 250 ქულით მეტი SAТ-ში. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა IQ-ს ტესტში. ისინი იყვნენ უკეთესი სტუდენტები ნაკლები პრობლემებით, თავდაჯერებულები და მიზანდასახულნი. დღეს მთავარი ჩემთვის და ასევე თქვენთვის არის ის, რომ ისინი უფრო მეტად მომავალზე იყვნენ ორიენტირებულნი ვიდრე აწმყოზე. მაშ, რა არის დროის პერსპექტივა? სწორედ ამაზე მსურს გესაუბროთ დღეს.

დროის პერსპექტივა, არის კვლევა იმაზე, თუ ინდივიდი, ყოველი ჩვენგანი, რა ეტაპებად ყოფს მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას დროის ზონების, ან კატეგორიების მიხედვით. ეს კეთდება ავტომატურად და ქვეცნობიერად. ეს იცვლება კულტურების, ერების, ინდივიდების, სოციალური კლასების, განათლების დონის მიხედვით. პრობლემაა ის, რომ ეს დაყოფა შეიძლება გახდეს ტენდენციური, რადგან თქვენ იყენებთ ერთს საჭიროზე უფრო მეტად, და მეორეს საჭიროზე ნაკლებად.

რა განსაზღვრავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას? თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შემდგომში მოქმედებთ. ზოგიერთისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ამჟამინდელი სიტუაცია, რას აკეთებენ სხვები და თვითონ რას გრძნობს. ადამიანებს, რომლებიც მსგავს ფორმატში იღებენ გადაწყვეტილებას, ვუწოდებთ "აწმყოზე ორიენტირებულებს", რადგან მათი ფოკუსი არის იმაზე, თუ რა ხდება ახლა. სხვებისთვის აწმყო არარელევანტურია. მათთვის მთავარია, შექმნილი სიტუაციის წარსულთან დაკავშირება. ასე რომ, მათი გადაწყვეტილება დამოკიდებულია წარსულ მეხსიერებაზე. მათ ვუწოდებოთ "წარსულზე ორიენტირებულებს", რადგან ფოკუსირდებიან იმაზე, თუ რა ხდებოდა წარსულში. სხვებისთვის ფოკუსი არც წარსულია და არც აწმყო, არამედ – მომავალი. მათი ფოკუსი გახლავთ შედეგების განჭვრეტა. მოგება-ზარალის ანალიზი. მათ ვუწოდებთ "მომავალზე ორიენტირებულებს". მათი ფოკუსი არის იმაზე, თუ რა იქნება. ასე რომ, დროის პერსპექტივის პარადოქსი არის რაღაც, რაც გავლენას ახდენს თქვენს თითოეულ გადაწყვეტილებაზე ისე, რომ თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ.

არსებობს ექვსი სახესხვაობა: ორი აწმყოზე ორიენტირებული, ორი წარსულზე და ორიც მომავალზე. თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირდეთ წარსულ-პოზიტიურზე, ან წარსულ-ნეგატიურზე. თქვენ შეგიძლიათ იყოთ აწმყო-ჰედონისტი, კერძოდ, აქცენტს აკეთებთ ცხოვრების სიამოვნებებზე, ან აწმყო-ფატალისტი - თქვენი ბედი გადაწყვეტილია. შეგიძლიათ იყოთ მომავალზე-ორიენტირებული, დაისახოთ მიზნები ან იყოთ ტრანსცენდენტული – ცხოვრება იწყება სიკვდილის შემდეგ."

image

ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ რომელი დროის პერსპექტივაა ჩამოთვლილთაგან ყველაზე ოპტიმალური. სწორედ ამ კითხვას სვამს ფსიქოლოგი და პასუხის გაცემასაც თავად ცდილობს: "მაღალი წარსულ-პოზიტიური, ზომიერად მაღალი მომავალზე-ორიენტირებული, ზომიერი აწმყო-ჰედონისტური და ყოველთის დაბალი წარსულ-ნეგატიური და აწმყო-ფატალური." უფრო კონკრეტულად კი, აწმყო-ჰედონიზმიდან ღებულობთ ენერგიას, რომ გამოიკვლიოთ საკუთარი თავი, ადგილები, ადამიანები, შეგრძნებები. ნებისმიერი დროის პერსპექტივის გადაჭარბება უარყოფითია. რას წირავენ მომავალზე-ორიენტირებულნი წარმატებისთვის? ისინი წირავენ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად გასატარებელ დროს, გართობის დროს, ჰობის, ძილს. ეს კი გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე. ისინი ცხოვრობენ სამუშაოსთვის, მიღწევებისთვის და კონტროლისთვის."

დაბოლოს, რაში გვეხმარება დროის სწორი პერსპექტივით აღქმა? პასუხის გაცემას ზიმბარდო საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ცდილობს: "გავიზარდე ღარიბად, სამხრეთ ბრონქსის უბანში, სადაც ყველა ცხოვრობდა წარსულში და აწმყოში. მე მომავალზე ორიენტირებული ადამიანი ვარ, რომელმაც ყველაფერი შესწირა წარმატებას. მასწავლებლების წყალობით მე გავხდი მომავალზე ორიენტირებული. მითხრეს, არ შეჭამო ერთი კანფეტი, რადგან თუ დაიცდი, მიიღებ ორს.

მე დავამატე აწმყო-ჰედონიზმი და წარსული-პოზიტიური, ამჟამად ვარ 76 წლის, ვარ უფრო ენერგიული, პროდუქტიული და ბედნიერი, ვიდრე ოდესმე. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ მიდგომას ვიყენებთ ბევრი მსოფლიო პრობლემის დაძლევის დროს: სკოლადაუმთავრებლების რაოდენობის შემცირება, მავნე დამოკიდებულებებთან ბრძოლა, მოზარდების გაჯანსაღება, ვეტერანების პოსტ ტრავმული სინდრომის მკურნალობა, მდგრადობის და კონსერვირების ხელშეწყობა, ფიზიკური რეაბილიტაციის ხანგრძლივობის შემცირება, თვითმკვლელი ტერორისტების ინტერესების ცვლილება და ოჯახური კონფლიქტების დროით ზონებში გადაყვანა. მოკლედ, მინდა დავასრულო შემდეგნაირად: ცხოვრების ბევრი თავსატეხი გადაიჭრება, თუ კარგად გაიგებთ თქვენი და სხვის დროის პერსპექტივას. იდეა ძალიან მარტივი და ნათელია, მაგრამ შედეგები - სიღრმისეული."


0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0