x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ცხინვალში აფეთქებული ქართული ტანკის ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა
image

"ბოლო მჭიდში ოციოდე ვაზნა კიდევ დამრჩენია. ერთი პატარა შებრძოლებისთვის მეყოფა, ბოლო კი ჩემია, მას არც ერთი მტრისთვის არ გავიმეტებ"

ცხინვალში აფეთქებული ქართული ტანკის ამ სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა. კაპრალი ჯონი ლომიძე სწორედ ამ ტანკის მექანიკოს-მძღოლი იყო

"...ჩემს ტანკს მესამედაც რომ მოხვდა, დარტყმის ძალამ ხელსაწყოების დაფას მიმანარცხა და გონება დავკარგე..." - იხსენებს გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ტანკის მექანიკოს-მძღოლი კაპრალი ავთანდილ (ჯონი) ლომიძე.
ორი საათისთვის გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის შვიდი ტანკი ზემო ნიქოზიდან ცხინვალში შევიდა, რომ თამარაშენისკენ წასულიყო და ქართველ მოსახლეობას დახმარებოდა. ეს აგვისტოს ომის დროს გორელი ტანკისტების პირველი საბრძოლო რეიდი არ ყოფილა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე ასევე ზემო ნიქოზიდან ცხინვალის მიმართულებით წამოწყებული სატანკო რეიდი რუსეთის სამშვიდობო ძალების
ბატალიონის ტერიტორიასთან შეფერხდა, რადგან რუსებმა ქართულ სატანკო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ვალში არც ქართველი ტანკისტები დარჩენილან - თითქმის მთელი საბრძოლო კომპლექტი "მიახარჯეს" რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ჩაჩუმებას, თუმცა, იძულებული გახდნენ, ისევ ზემო ნიქოზში დაბრუნებულიყვნენ ჭურვების მარაგის შესავსებად.


.ჩემი ტანკი კოლონაში მეორე მიდიოდა. კოლონის მეთაურმა გია რომელაშვილმა ეკიპაჟი გაგვაფრთხილა, ქალაქში ქვემეხები არ გვესროლა - ცხინვალი ჩემი მშობლიური ქალაქია და საცხოვრებლად აქ უნდა დავბრუნდეთო. ცხინვალის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ჩასაფრებაში მოვყევით. ჩემს ტანკს ზედიზედ სამჯერ მოხვდა და გონება დავკარგე. არ ვიცი, რამდენ წუთში მოვედი გონს. ტანკის ამუშავება ვცადე, მაგრამ მართვის ხელსაწყოები მწყობრიდან იყო გამოსული. ლიუკი ავხადე თუ არა, ცეცხლის ნაპერწკლები შემოცვივდა. ტანკს ცეცხლი ეკიდა, თუმცა მოწინააღმდეგის ჭურვებს ტანკის ჯავშანი ვერ გაერღვია. რაციით მოვასწარი გადაცემა: "408 ვარ, ამაფეთქეს, ვიწვი, მომეშველეთ..." და რაციაც გაითიშა. ეკიპაჟის წევრები - არც მეთაური და არც მემიზნე - ადგილზე არ იყვნენ, კოშკურაში მათი ლიუკები ღია იყო.

თავისთვის უნდა მეშველა, ტანკი წუთი-წუთზე შეიძლებოდა აფეთქებულიყო. კოშკურის ზემოთა ლიუკებიდან გადმოძრომა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, მოწინააღმდეგე მაშინვე ჩამცხრილავდა. ერთადერთი გამოსავალი სათადარიგო ქვედა ლიუკი იყო... მეუღლის ნაჩუქარი ვერცხლის ჯვარი მოვიხსენი, "მამაო ჩვენო" წავიკითხე და უფალს შევთხოვე, აქედან ცოცხალი გამიყვანე-მეთქი...

ტყვედ ჩაბარებას არ ვაპირებდი. მოკლელულიანი ავტომატი და ოთხი მჭიდი ავიღე, ლიუკიდან დიდი წვალებით გამოვძვერი და სანამ წინ გავფოფხდებოდი, შევჩერდი - სამი წყვილი ფეხი და ავტომატის ლულები შევნიშნე. მელოდნენ. ტანკის უკანა მხარეს გამოვფორთხდი, წამოვდექი და იქვე სახლამდე მივირბინე. "ნუთუ გადავრჩი?!" - გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ სახლის მეოთხე სართულის აივნიდან ჯერ რუსულად დამიძახეს, მერე ავტომატისა და ტყვიამფრქვევის ჯერიც მოაყოლეს. ხეს ამოვეფარე, მთელი მჭიდი დავაცალე და გავიქეცი. არ ვიცი, მოვარტყი თუ არა, მაგრამ აივანზე მყოფი ორი მსროლელიდან ერთის იარაღი ჩაჩუმდა.

სროლა-სროლით მივრბოდი. ისევ ხეს ამოვეფარე, რომ მჭიდი შემეცვალა და სწორედ მაშინ მარცხენა ხელის ცერის წვა ვიგრძენი. არ გასულა რამდენიმე წამი და მეორე ტყვია მომხვდა, ამჯერად - ბარძაყთან...

ბოსტნისკენ გავრბივარ... კერძო სახლს ვხედავ და შიგ შევრბივარ... პარმაღზე დაფეთებული ახალგაზრდა ქალი მხვდება... ვამშვიდებ, "ჭრილობებს გადავიხვევ და მალე წავალ, ოღონდ არავის არაფერი უთხრა, " - ვეხვეწები. მაგიდის ქვეშ ვიმალები და ვცდილობ, სისხლდენა როგორმე შევაჩერო. იატაკის ჭრიალი მაფხიზლებს და მაგიდის ქვეშიდან ვხედავ, როგორ შემოყო ვიღაცამ ავტომატის ლულა ოთახში. ვასწრებ და გრძელ ჯერს ვუშვებ. ვიღაც მძიმედ ეცემა... ფანჯრიდან ვხტები... ისევ გავრბივარ... ვცდილობ რკინის ჭიშკარს ამოვეფარო, მაგრამ უცებ მუცელზე, ჭიპთან ძლიერ წვას ვგრძნობ. ისევ ტყვია მომხვდა. ინერციით ოცდაათიოდე მეტრს გავრბივარ და ხესთან ვიკეცები. გონებას არ ვკარგავ, მაგრამ მუცელი აუტანლად მეწვის და ვხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა, სამშვიდობოს ვეღარ გავალ.

ვიცი, რომ მტერს ცოცხალი არ ჩავბარდები. წვალებით ვითვლი - ბოლო მჭიდში ოციოდე ვაზნა კიდევ დამრჩენია. ერთი პატარა შებრძოლებისთვის მეყოფა, ბოლო კი ჩემია, მას არც ერთი მტრისთვის არ გავიმეტებ... სიცოცხლეს ვემშვიდობები. ამ დროს წინ, შენობის ფანჯრებში ორ ნაცნობ მოხაზულობას ვამჩნევ. გონებას ვძაბავ და ვხვდები, რომ ეს ქართული ასოების, ი-სა და ა-ს ანარეკლია... უკან ვიყურები და მზერადაბინდული ვხედავ: ქუჩაში ჯავშნიანი "კობრა" დგას, წარწერით - "პოლიცია"...

ჭიშკრისკენ მივბობღავ და თან ვხავი: "მიშველეთ!" ოცდაათიოდე მეტრის გადალახვის თავიც აღარ მაქვს, ვხვდები, რომ ძალა მეცლება და გადარჩენის შანსიც თანდათან ქრება, მაგრამ მაინც ვახერხებ, ხელს ვწევ და ვიქნევ... შემამჩნიეს! "ჩვენიანია!" - თითქოს ძალიან შორიდან ჩამესმის ქართულად ნათქვამი. გადავრჩი...

გონს "კობრის" სალონში მოვდივარ. ისევ გვესვრიან, ჩვენებიც პასუხობენ. სალონის ძირზე ჩემ გარდა კიდევ ორი სამხედროფორმიანი წევს. ვეხმაურები, მაგრამ პასუხი არ მესმის. ვხვდები - ცოცხლები არ არიან... ერთ-ერთი, ბიჭი, თვალებგახელილი წევს... თვალებს ვუხუჭავ, ვფიქრობ: "რა ბედნიერი ხარ, ასეთი აუტანელი ტკივილი რომ არ გაწუხებს..." და გონებას ვკარგავ...

42 დღე-ღამე ვყოფილვარ უგონოდ, აპარატს მიერთებული. მაშინაც კი არ იცოდნენ, გადავრჩებოდი თუ არა, როდესაც "წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი" ჩემს ბიჭს გადასცეს..."imageimageimage


2
577
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
577
  
2018, 19 ივლისი, 11:48
დავდებ სოფელში როცა მოვახერხებ ასვლას გორის ცალკეული სატანკოს ოფიცრის ჩაფხუტს, ცხინვალში ბრძოლის მერე მაჩუქა.
2018, 19 ივლისი, 11:35
ცხინვალში შესვლის მესამე მცდელობისას ააფეთქეს გზაჯვარედინზე ჩვენი ტანკები.
0 1 2