x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
პრაიმინგის ეფექტი

პრაიმინგი, როგორც მოვლენა, როცა წარსული გამოცდილება გაუცნობიერებლად ახდენს გავლენას ადამიანზე, არაერთი მეცნიერის კვლევის საგანი გამხდარა როგორც აღქმის, ასევე სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში. ამ ფენომენის გარშემო უამრავი საინტერესო აღმოჩენა გაკეთებულა. მაგალითად, მეიერმა და შვანდეველდტმა აჩვენეს, რომ ერთ სიტყვას შეუძლია პრაიმინგი გაუწიოს მომდევნო სიტყვის გადამუშავებას და ამოცნობას, რასაც განაპირობებს ასოციაცია, რომელიც ამ სიტყვებს შორის წარსულში, გაცნობიერების გარეშე დამყარდა. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ პრაიმინგის ეფექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სოციალურ ქცევაზეც. გამომდინარე იქედან, რომ ქცევა დამოკიდებულია სოციალურ კოგნიციაზე, რასაც თავის მხრივ ხშირად სწორედ პრაიმინგის ეფექტი განაპირობებს. ამაზე მეტყველებს ჰიგინსის, როლსისა და ჯონსის ექსპერიმენტი, მათ მონაწილეებს ჯერ წარუდგინეს თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები და სთხოვეს დაემახსოვრებინათ, როგორც მასალა მეხსიერების ტესტისთვის. ამ სიტყვებს უნდა მოეხდინათ ან თავგადასავლების მოყვარულის დადებითი სქემის (მაგ.მამაცი) ან არაფრთხილი ადამიანის უარყოფითი სქემის აქტივაცია. მეორე დავალებაში, მონაწილეები კითხულობდნენ დონალდის შესახებ, რომელიც სერფინგს მისდევდა, ჯირითობდა და პარაპლანით დაფრინავდა. ისინი, ვისაც თავგადასავლების მოყვარულის დადებითი სქემები გაუაქტიურეს უფრო დადებითად აფასებდნენ დონალდს, ვიდრე ისინი, ვისაც არაფრთხილი ადამიანის უარყოფითი სქემები გაუაქტიურეს. პრაიმინგის ეფექტს ადგილი არ ქონდა იმ შემთხვევააში, როდესაც პრაიმინგის სქემები არ მიესადაგებოდა დონალდის აღწერას. ექსპერიმენტმა დაადასტურა პრაიმთან ასიმილაციის ეფექტის არსებობა შთაბეჭდილების ჩამოყალიბების პროცესში. პრაიმთან ასიმილაციის ეფექტს სხვა ბევრი საინტერესო კვლევაც ადასტურებს. მაგალითად ლევის ექსპერიმენტში ხანშიშესულ მონაწილეებს პრაიმად წარუდგენდნენ სიტყვებს „სიბრძნე“ და „უძლურება“, რომლებიც უკავშირდებოდა მოხუცებულობასთან დაკავშირებულ გავრცელებულ სტერეოტიპებს. შედეგების მიხედვით, „სიბრძნის“ პრაიმ ჯგუფს მეხსიერების ტესტში გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. საინტერესოა, რომ ასიმილაციის ეფექტის გარდა ასევე დადასტურებულია პრაიმთან კონტრასტის ეფექტიც.image

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
93