x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
კრეტა - ცივილიზაცია ნანგრევების ქვეშ
image

აღსანიშნავია, რომ ეგეოსურ ცივილიზაციას საფუძველი კუნძულ კრეტაზე ჩაეყარა. კუნძულის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა მშვიდ საცხოვრებელ პირობებს და ხელს უწყობდა მოსახლეობის კულტურულ დაწინაურებას. მუდმივი შემოსევებისგან კრეტის დამცავი იყო ეგეოსის ზღვა, რომელიც მტკიცე გალავანს წარმოადგენდა, მაგრამ სტიქიებმა კრეტული ცივილიზაცია ნანგრევების ქვეშ მოაქციეს და კრეტის საოცრების არსებობა მითოლოგიამ შემოგვინახა.


კრეტის კულტურის აყვავება და დაცემა ბრინჯაოს ეპოქით შემოიფარგლება. დავიწყებული სამყარო აღმოაჩინა ინგლისელმა მეცნიერმა არტურ ევანსმა. მან თავისი კვლევის ობიექტს კრეტის მითიური მეფის - მინოსის სახელი უწოდა და მეცნიერებაში დაამკვიდრა სახელწოდება „მინოსური ეპოქა“. ძველი ბერძენი ისტორიკოსების, კერძოდ, ჰეროდოტესა და თუკიდიდეს შრომებში გარკვეულადაა დაცული თქმულებები კრეტის მეფის მინოსის შესახებ, ასევე ბერძნული თქმულებები კრეტას ისეთ კულტურულ ცენტრად გვიხასიათებენ, საიდანაც ბერძნებმა, თითქოს, ბევრი რამ გადმოიღეს. ევანსმა დაადგინა კრეტის უძველესი ისტორიის ქრონოლოგიის საზღვრები, რომლებიც ემყარებოდა კრეტული კერამიკის კლასიფიკაციას. ესენია: ადრემინოსური (ძვ.წ. 3000-2200 წწ.); შუამინოსური (ძვ.წ. 2200-1600 წწ.) და გვიანმინოსური (ძვ.წ. 1600-1250წწ.) პერიოდები, მაგრამ შემდგომში ქრონოლოგიის განსხვავებული სისტემა შემოიღეს, რომელიც დამყარებული იყო დიდ კატასტროფებზე. ერთი რამ კი ცხადია, რომ მინოსურმა ცივილიზაციამ დიდ სიმაღლეებს მიაღწია ხელოვნების მრავალ დარგში: არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, მხატვრობა. არქიტექტურაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ცნებას „მინოსური სასახლე“ და პირველი სასახლეების აგება იწყება შუამინოსურ პერიოდში. მათ შორის უდიდესი იყო კნოსის სასახლე, რომელიც რთულ ნაგებობას წარმოადგენდა და დიდ ოთახთა, სახელოსნოების, საწყობების და საკურთხევლების მთელ სისტემას შეიცავდა, როგორც ამას არქეოლოგიური მონაცემები გვიდასტურებენ. მისი გრანდიოზულობა საფუძვლად დაედო მითს მინოტავრისა და ლაბირინთის შესახებ. იგი წარმოადგენდა მთელი კუნძულის რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრს. მას ეჭირა უზარმაზარი ტერიტორია, დაახლოებით 20000 კვ.მ. ფართობი და ძირითადად ორ და სამსართულიანი მრავალრიცხოვანი ნაგებობების მთელ სისტემას ქმნიდა. დაგეგმარებაში ძალზე დიდი იყო მხატვრული ხედვის წილი. კომპლექსის ცენტრს ქმნის დიდი შიდა ეზო, რომლის გარშემო განლაგებულია ყველა ნაგებობა. სასახლეს ჰქონდა ბევრი შესასვლელი და ამჯერად ძნელია ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ოთახი და დარბაზი უნდა ყოფილიყო სასახლეში. დღესაც კი, როდესაც კნოსოს სასახლის ნანგრევები ერთგვარად რესტავრირებულია არქეოლოგთა მიერ, მასში მოხვედრილ კაცს, გზის მაჩვენებელთა სიმრავლის მიუხედავად, შეიძლება გაუჭირდეს გარეთ გამოსვლა. მის მშენებლად ანტიკური ტრადიცია ლეგენდარულ არქიტექტორ დედალოსს მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ მის არქიტექტორს არ უცდია შთაბეჭდილების მოხდენა ცალკეულ ნაგებობათა სიდიდით, ეგვიპტური პირამიდების მსგავსად, პირიქით, ამ რთული კომპლექსის თითოეული ოთახი თავისი განზომილებით ძალზე ადამიანური, ამქვეყნიურია და მცხოვრებლებს მყუდრო და კომფორტული ცხოვრების საშუალებას უქმნის. სასახლეში იყო ყველაფერი დაწყებული ფუფუნების საგნებიდან დამთავრებული ე.წ. თეატრით, ასევე იყო „ორმაგი ცულის დარბაზი“, რომლის დანიშნულება, ალბათ, სახელმწიფოებრივი და საკულტო ცერემონიების შესრულებასთან იყო დაკავშირებული, სასახლესთან არსებულ საწყობებში ინახებოდა იარაღი, საომარი ეტლები და თიხის დიდ ჭურჭლებში - პითოსებში სასურსათო მარაგი: ღვინო, ზეთი და სხვა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მოხატული ფრესკები და ზოგადად მხატვრობა. პირველი, რაც ადამიანს მინოსური ხელოვნების გაცნობისას მოიცავს, ესაა მისი საოცრად ახალგაზრდული სული. თითქმის ყველგან, სადაც კი ადამიანია გამოსახული, წარმოდგენილია ახალგაზრდა, ხოლო სადაც გამოსახულია ბუნების სურათები, წარმოდგენილია მცენარეთა ყვავილობის პერიოდი. ხანდაზმულობა, მიძინება, ჭკნობა, როგორც ჩანს, არ იზიდავდა კრეტელ მხატვრებს. მინოსური ეპოქის მხატვარს ძველი აღმოსავლეთისგან განსხვავებით, აინტერესებს არა იმდენად ისტორიული მოვლენის თუ მითიური პირის უკვდავყოფა, რამდენდაც ერთი შთაბეჭდილებით მიღებული განცდების გადმოცემა ხაზისა და ფერების საშუალებით. ფრესკაზე გამოსახულ სცენათა დიდი ნაწილი განკუთვნილია არა რაღაც მწყობრი ამბის გადმოსაცემად, რომლის აღსათქმელადაც საჭიროა გონების დაძაბვა, არამედ უფრო მეტად თვალის გასახარებლად, მაჟორული განწყობის შესაქმელად. სწორედ ესოდენ მოჭარბებულია კრეტულ ხელოვნებაში მცენარეული და ცხოვერული სამყარო, ადამიანი კი წარმოდგენილია მეტწილად ბუნების ფონზე ან რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით. კრეტამ ფრესკული ფერწერის მრავალი ძეგლი დაგვიტოვა. კნოსის სასახლეში დაცულია ერთი მშვენიერი სურათი ე.წ. ცისფერი ჩიტი (დაახლ. ძვ.წ. 1550წ. ჰერაკლიონის მუზეუმი). ყურადღების ღირსია ის ფრესკები, რომლებშიც გაბატონებული საზოგადოების მდიდრული ცხოვრებაა გადმოცემული: მამაკაცებს ხარკის სახით ძვირფასეულობა მიაქვთ, სრულდება კულტის სცენები, წარმოებს ხარების ბრძოლა, რომელიც კრეტაზე უძველესი დროიდან უნდა ყოფილიყო შემოღებული. ფრესკებიდანაც კარგად ჩანს, რომ ქალის კულტი, ქალის უფლება კრეტაზე ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ქალს კრეტულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ქალები სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ, დროს ატარებდნენ და სანახაობებს უყურებდნენ, კრეტის ღმერთებს შორის ქალური ღვთაებები ჭარბობდნენ. ქალის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს კნოსის ფრესკა, რომელიც სამეფო კარის ცისფერ ტანსაცმელში მოკაზმულ მანდილოსნებს გვისურათებს, გვაოცებს მათი თმის ვარცხნილობა, დეკოლტე, შემოკრული ტალია, მიმზიდველი სახეები. კნოსის მეორე ფრესკა გადმოგვცემს ხარს, რომლის წინ აკრობატი ქალი დგას. გვაქვს ასევე მესამე ფრესკა ე.წ. „პარიზელი ქალი“. მასზე გამოსახულია ქალღმერთი ან ქურუმი ქალი, რაზეც, როგორც ფიქრობენ, ის საკულტო ხვეული მიუთითებს, რომელიც მას კისერზე აქვს შემოვლებული. გარდა ჩემოთ ჩამოთვლილისა, ვხვდებით ფრესკას ე.წ. პრინცი შროშანის გვირგვინით. გადმოცემულია მაღალი ტანის მამაკაცი თავზე გვირგვინით, რომელზეც მიმაგრებულია გრძელი, ჭრელად შეღებელი ფრთების კონა; გვირგვინის ქვემოდან მოჩანს მხრებზე დაშვებული გრძელი კულულები, ფიგურა შემკულია ოქროს გულსაკიდებითა და სამაჯურებით. შესაძლოა აქ წარმოდგენილია ქურუმი-მეფე, რომელსაც თან მოჰყავს სფინქსი ან გრიფონი. ესენი რა თქმა უნდა იმ ფრესკების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კნოსის სასახლის კედლებზეა. კრეტულ ხელოვნებაში კი შეინიშნება ზოგიერთი დამახასიათებელი სტილისტური თავისებურება. ესაა ქალის გამოსახვისას მკერდზე აქცენტის გაკეთება, ხოლო კაცის გამოსახვისას მისი წელის საოცარი სივიწროვის გამოხატვა. ფერწერაში ადამიანის სხეული გამოისახება ხშირად პროფილში. კაცისა და ქალის გამოსახულებები ხშირად ფერითაც განირჩევა ერთმანეთისგან: მუქი ყავისფერი კაცის სხეულის ფერია, ხოლო თეთრი - ქალის. თვალები ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც თავი პროფილშია, იმდენადაა დახატული, რომ პირდაპირ იყურებიან. კრეტელ ხელოვანებს არასდროს არ მიუღწევიათ ეგვიპტური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა ე.წ. „ზომიერი ნატურალიზმისათვის“, მაგრამ ეგვიპტურთან შედარებით კრეტული ნახატები უფრო ცოცხლად გამოიყურება.


მინოსური ხელოვნების განსაკუთრებულ სამყაროს კერამიკა წარმოადგენს, რომლის წარმოების, მხატვრული გაფორმების საქმეში კრეტელებმა გასაოცარ სიმაღლეს მიაღწიეს და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრწყინვალე ფურცელი გადაშალეს მსოფლიო მეთუნეობის ისტორიაში. თავდაპირველად კრეტაზე მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტის საოცარი შეხამების შედეგად წარმოიქმნა სრულიად განსაკუთრებული სტილი, რომელსაც ამ ტიპის ნაწარმის პირველად აღმოჩენის ადგილის მიხედვით „კამარესის სტილი“ ეწოდა. ზედაპირზე გამოყვანილია მრავალფერიანი (თეთრი, წითელი, ლურჯი, ყვითელი) დეკორი, რომელიც კამარესის სტილის ათასობით ნიმუშზე არსად არ მეორდება. ეს აქაურ მეთუნეთა ამოუწურავ ფანტაზიაზე მეტყველებს. ამ სტილის ჭურჭელში ყურადღებას იპყრობს საოცრად თხელკედლიანი, თითქმის კვერცხის ნაჭუჭის სისქის პატარა ჯამები, რომლებიც გამოირჩევიან სინატიფით და ლითონისაგან დამზადებულ პროდუქციას ჰბაძავენ. ჩვენამდე მოღწეულია კამარესის სტილის ჭურჭელი ფესტოდან, რომელზეც გამოსახულია თევზი და ბადე, ასევე თხელკედნიანი ფიალა, ხილის ვაზა და დოქი ფესტოდან, ასევე ამავე სტილით შესრულებული კრატერი ფესტოს სასახლიდან ყვავილოვანი დეკორით, რომელიც ჭურჭელს ე.წ. ბაროკულ ელფერს აძლევს (ძვ.წ. 1800წ. ჰერაკლიონის მუზეუმი). კრეტული ვაზები შემკულია ფერადი ორნამენტებით, ყვავილების, ჩიტების, ზღვის ცხოველების გამოსახულებებით. არც ერთ ვაზაზე არ გვხვდება ადამიანის ფიგურა. მიუხედავად თავისი ფერადოვნებისა და სილამაზისა კამარესის სტილმა 300 წლის განმავლობაში ამოწურა საკუთრი თავი და კრეტელმა მეთუნეებმა ახალი სტილი გამოიმუშავეს, რომელიც უპირატესად მცენარეული და ზღვის არსებათა დეკორის საფუძველზე იყო აგებული. განსხვავებით კამარესისაგან აქ ჭურჭლის ღია ზედაპირი მოიხატებოდა ხოლმე მუქი ფერებით რამდენადმე სტილიზებული, მაგრამ ძირითადად საკმაოდ რეალისტური გამოსახულებებით. ამგვარი პროდუქცია პირველ რიგში მთელი ანტიკური კერამიკისაგან განსხვავდება იმით, რომ თითქმის ყოველი ნივთი ახდენს ორგანული, ცოცხალი არსების და არა კონსტრუქციის შთაბეჭდილებას. იგი თითქოს ჩვენს თვალწინ იკუმშება და ფართოვდება. ამ სტილის ჭურჭელი თითქოს წარმოადგენს რვაფეხებით, თევზებით, ლოკოკინებით მოფენილი ზღვის სამყაროს ან ყვავილოვანი მდელოს ერთ შემოუზღუდავ ნაწილს. ზოგჯერ დეკორის საფუძველს ქმნის ერთი ცოცხალი არსება, ერთი ყვავილი, ზოგჯერ კი ერთი ხატის რიტმული განმეორება ჭურჭლის ზედაპირზე. ჩვენამდე მოღწეულია ზღვის სტილით შესრულებული ჭურჭლები, მაგალითად, ცხრა სახელურიანი ვაზა (ძვ.წ. 1450წ. ჰერაკლიონის მუზაუმი), მცენარეული სტილით შესრულებული დოქი, ზღვის სტილით შესრულებული რიტორი და ა.შ. ეს ყველაფერი ინახება ჰერაკლიონის მუზეუმში.


როგორც ზევით აღვნიშნე სასახლეებს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამაზე კიდევ მეტყველებს ის ფაქტი, რომ კრეტაზე ტაძარი საერთოდ არ არსებობდა და თაყვანისცემის რიტუალები სასახლეში მიმდინარეობდა. კრეტაზე რომ საკმაოდ განვითარებული იყო რელიგია მოწმობს სხვადასხვა სტატუეტები. მათ შორის, ქაშანურისაგან დამზადებული ქალღმერთი ან ქურუმი ქალი გველებით, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1600 წლით, ასევე გვხვდება ხარისა და ორმაგი ცულის გამოსახულებები. მინოსური სტატუეტები საკმაოდ მაღალი ოსტატობითაა შესრულებული. აქ არის პატარა ბავშვების, ქურუმი ქალების, ცხოველებისა და ფრინველების მცირე ქანდაკებები. ყურადღებას იპყრობს სპილოს ძვლისაგან დამზადებული 30სმ. სიმაღლის ძვ.წ. 1550 წ. ქანდაკება, რომელიც განასახიერებს აკრობატს იმ მომენტში, როდესაც ის ხარის ზურგს გადაევლება; ბრინჯაოს სტატუეტი ტილისოსიდან, რომელიც შესაძლოა გამოსახავდეს მლოცველ ჭაბუკს; ქაშანურისაგან დამზადებული ფირფიტები, რომლებიც აღმოჩნდა კნოსოს სასახლის საწყობებში, ერთზე გამოსახულია გარეული თხა ციკნით, მეორეზე კი - ხბოთი. კრეტული სტატუეტი შესანიშნავად გადმოგვცემს მოძრაობის დინამიკას, მოძრავი სხეულის დაძაბულობასა და დაჭიმულობას, ადამიანის პროპორციების მშვენიერ ცოდნას. კრეტელ ხელოვანთა ოსტატობას გვიჩვენებს შესანიშნავი რიტონები - ჭურჭლები, რომლებიც ხარისა და სხვა ცხოველთა თავის ფორმისანი არიან, სრულიად უნიკალური ქვის ნივთები შესანიშნავად ამოკვეთილი რთული კომპოზიციის მქონე რელიეფებით. ასევე აღსანიშნია, რომ მინოსურ კულტურას სხვა ძველ კულტურებთან შედარებით ნაკლები სწრაფვა ახასიათებს ოქროსა და სხვა ძვირფასეულობისაკენ. თავისებურ სამყაროს წარმოადგენს კრეტული ბეჭდები და გემები.


ამრიგად, კრეტული ხელოვნება ძველი სამყაროს მხატვრული კულტურის განვითარებაში უთუოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. კრეტული ხელოვნება გამოირჩევა სიმშვიდით, სისათუთით, კრეტელების მშვიდობიანი ხასითია გამოვლენილი მათ შემოქმედებაში, კრეტელი ხალხისთვის უცხო იყო გალავნის არსებობა, ბრძოლა და მტრული დამოკიდებულება. კრეტული ხელოვნების ძირითადი ძალა მის შინაგან დინამიურობაშია, რაც არსებითად მინოსელ ოსტატთა მიერ ეგეოსურ ხელოვნებაში უკვე ნეოლითიდან ცნობილი სპირალური ელემენტების უნარიან გამოყენებას ეფუძნება. სწორედ ეს “ჩახვეულობა" ქმნის იმის ილუზიას, რომ მინოსური სურათი მოძრაობს ცენტრის გარშემო. ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის შემდეგ საინტერესო იქნებოდა გავცნობოდით მინოსური კრეტის მკვიდრთა იმ სულიერ საზრდოს, რომელსაც ისინი ლიტერატურისა და მუსიკის სახით იღებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ ჩვენ დღეს არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

imageimageimage




0
797
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი მექერიშვილი
ლალი მექერიშვილი
797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0