x
რა არის ფსიქოანალიზი? ფსიქოანალიტიკური მიდგომა ფსიქოლოგიაში
image

ფსიქოანალიზი არის ფსიქოლოგიური თეორიებისა და თერაპიული ტექნიკების ერთობა, რომელიც სათავეს იღებს ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებსა და თეორიებში. ფსიქოანალიზის მთავარი იდეა ის არის, რომ ყველა ადამიანს აქვს არაცნობიერი ფიქრები, გრძნობები, სურვილები და მოგონებები.

ფსიქოანალიზის ძირითადი ტენდენციები:

  • ადამიანების ქცევაზე გავლენას ახდენს მათ არაცნობიერი დრაივები (სურვილი, მოთხოვნილება).
  • პიროვნების განვითარება მნიშნველოვნადაა განსაზღვრული ადრეული ბავშვობის მოვლენებით.
  • არაცნობიერი შინაარსის გადმოტანისას ცნობიერში ადამიანები განიცდიან კათარზისს და ეს ეხმარება მათ არსებულ პრობლემასთან გამკლავებაში.
  • ადამიანები იყენებენ მთელ რიგ ეგოს დაცვის მექანიზმებს იმისთვის, რომ თავი დაიცვან არაცნობიერში არსებული ინფორმაციისგან.
  • ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა ხშირად გამოწვეულია არაცნობიერსა და ცნობიერს შორის კონფლიქტის შედეგად.
  • გამოცდილი ანალიტიკოსი შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს არაცნობიერის გარკვეულ ასპექტების ცნობიერში ამოტანაში სხვადასხვა ფსიქოანალიტიკური ტექნიკების გამოყენებით, როგორებიცაა სიზმრების ანალიზი და თავისუფალი ასოციაციები.

ფსიქოანალიზის მოკლე ისტორია


ზიგმუნდ ფროიდი იყო ფსიქოანალიზისა და ფსიქოდინამიკური მიდგომის დამფუძნებელი ფსიქოლოგიაში. ფროიდის მიხედვით, ადამიანის გონება (პიროვნების სტრუქტურა) შედგება 3 ნაწილისგან : იდი, ეგო და სუპერეგო. ფროიდის ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიები, არაცნობიერი და სიზმრის სიმბოლიკა დღესაც საკმაოდ პოპულარული თემებია ფსიქოლოგებს და არა მხოლოდ ფსიქოლოგებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი დღეს სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს.

ფროიდის დაკვირვებებისა და თეორიების უმრავლესობა დაფუძნებულია კლინიკურ შემთხვევებსა და შემთხვევის შესწავლაზე, რაც ართულებს მისი დაკვირვებების განზოგადებას უფრო ფართო პოპულაციაზე. მიუხედავად ამისა, ფროიდის თეორიებმა შეცვალა ის, თუ როგორ ვფიქრობთ ადამიანის გონებასა და ქცევაზე და დიდი კვალი დატოვა ფსიქოლოგიასა და კულტურაზე.

ფსიქოანალიზთან დაკავშირებული კიდევ ერთი თეორეტიკოსია ერიკ ერიკსონი. ერიკსონმა თავისი თეორია სწორედ ფროიდის თეორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა და ხაზი გაუსვა ზრდის მნიშვნელობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ერიკსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორია დღესაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარების გაგებისთვის.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მიხედვით, ფსიქოანალიზი ეხმარება ადამიანებს გაიგონ საკუთარი თავი იმ იმპულსების მოძებნით, რომლებსაც ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ, რადგანაც არაცნობიერშია დამალული. დღეს, ფსიქოანალიზი მოიცავს არა მარტო ფსიქოანალიტიკურ თერაპიას, არამედ გამოყენებით ფსიქოანალიზსა და ნეირო–ფსიქოანალიზსაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ფროიდიანული მიდგომების დიდმა ნაწილმა დღეს აზრი დაკარგა, თანამდროვე ფსიქოანალიტიკური თერაპიის მიღწევები ხაზს უსვამს არაგანსჯით და ემპათიურ მიდგომებს.

ფსიქოანალიზის სისუსტეები:

  • ფროიდის თეორიების ზედმეტი ყურადღება არაცნობიერზე, სექსუალობაზე, აგრესიასა და ბავშვობის გამოცდილებაზე.
  • ფსიქოანალიტიკურ თეორიებში გამოყენებული კონცეპტების დათვლა და გაზმოვა საკმაოდ რთულია.
  • ფროიდის იდეების დიდი ნაწილი დაფუძნებულია შემთხვევის შესწავლებსა და კლინიკურ დაკვირვებებზე და არა ემპირიულ, მეცნიერულ კვლევაზე.

ფსიქოანალიზის ძლიერი მხარეები:

  • ფსიქოანალიტიკურმა მეთოდებმა ხელი შეუწყო ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარებას.
  • ფსიქოანალიტიკოსების მიერ შემუშავებული პიროვნების თეორიები დღესაც აქტუალურია, მათ შორის: ერიკსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორია და ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია.
  • ფსიქოანალიზმა წარმოაჩინა ფსიქიკური აშლილობების ახალი ხედვა.
image

ფსიქოანალიზის მომავალი

როდესაც ადამიანებს ვეკითხებით, თუ რა ახსენდებათ პირველად ფსიქოლოგიის ხსენებისას, ზიგმუნდ ფროიდსა და ფსიქოანალიზს ყველაზე ხშირად ასახელებენ. უდავოა, რომ ფსიქოანალიზმა, როგორც თეორიამ და როგორც თერაპიამ, დიდი კვალი დატოვა ფსიქოლოგიაზე. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა ადამიანია დარჩენილი, რომელიც ადამიანის ქცევის წმინდა ფსიქოანალიტიკურ მიდგომას იზიარებს და ფსიქოლოგთა უმრავლესობა დღეს ემხრობა უფრო ფართო, ეკლექტიკურ მიდგომას.

რა შეუძლია გააკეთოს ფსიქოანალიზს იმისთვის, რომ უზრუნველყოს თავისი მუდმივი არსებობა ფსიქოლოგიის სამყაროში?

  • აქცენტი მეცნიერებაზე.
  • ემპირიული კვლევა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის უფრო ღრმად შესწავლა.
  • მეთოდების შეგროვება, ქცევის სხვა შესაძლო მიზეზების გათვალისწინება, თანამშრომლობა სხვა მიდგომების სპეციალისტებთან.
  • ფროიდის არაცნობიერის იდეის დაკავშირება თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიასთან.
ცხადია, რომ ფროიდის კვალი ფსიქოლოგიაზე დღესაც იგრძნობა. ლაპარაკის თერაპია ყველაზე მეტად სწორედ ფსიქოანალიზთან ასოცირდება, თუმცა თერაპევტები ხშირად იყენებენ ამ მეთოდს მრავალ სხვა ტიპის მკურნალობისას, მათ შორის, კლიენტზე ცენტრირებული თერაპიისას და ჯგუფური თერაპიისას. მართალია ფსიქოანალიზი დღეს უკვე აღარაა ისეთი ძალა, როგორიც 1910 წელს იყო, თუმცა ფროიდის თეორიებს გრძელვადიანი გავლენა აქვთ როგორც პოპულარულ კულტურაზე, ასევე ფსიქოლოგიაზე.

0
745
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
745
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0